„ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და რადიკალური ოპოზიციიდან საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციის პროექტის ინიციირებას ხელი არ მოაწერეს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

„საინტერესო ის არის, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხის ევროპარლამენტის მიერ მხარდასაჭერად ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის გამოყენებას. ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში ჩვენ ბევრჯერ ვამხილეთ ოპოზიცია კონკრეტული ფაქტებით, – თუ როგორ იბრძოდნენ ისინი საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ. დღეს კიდევ ერთი ფაქტი ვიხილეთ და, ალბათ, მომავალშიც ბევრს ვიხილავთ, რადგან ოპოზიცია თავის რეალურ სახეს კიდევ უფრო აშკარად გამოაჩენს. იმდენად არიან დაბრმავებულნი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რომ საკუთარ ზრახვებს ვეღარ მალავენ.

როგორც საქართველოს ევროპული გზა, ისე ქართული ოპოზიციის დეგრადირება და პოლიტიკიდან ჩამოშორება შეუქცევადი პროცესია. ერთიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და მეორესაც ჩვენი საზოგადოება გადაწყვეტს ოქტომბრის არჩევნებში“, – წერს ხუნდაძე.