პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ვინაიდან ბევრი ტყუილი მოვისმინე გუშინ ოპოზიციის მხრიდან, რამდენიმე ფაქტს დავწერ ევრონესტის საგანგებო რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით:

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საგანგებო რეზოლუციის ინიციატივა დავარეგისტრირე უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, – რომ ტექსტს ექნებოდა მათი მხარდაჭერა (პროექტი სამ ქვეყანას ეხებოდა და, ბუნებრივია, ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, რომ ტექსტი წარგვედგინა ასამბლეისთვის).

ოპოზიციის მტკიცება, რომ “არ იცოდნენ”, არის ტყუილი!
პირველი – მართლაც რომ მდომებოდა დამალვა, ვერ დავმალავდი უკვე დარეგისტრირებულ ტექსტს, რადგან ოფიციალურად იყო დაგზავნილი პოლიტიკურ ჯგუფებთან.

მეორე – როგორც თავად აღიარებენ, თურმე, ტექსტში ცვლილება უნდოდათ, რაც იმას ადასტურებს, რომ იცოდნენ და წაკითხულიც ჰქონდათ (აბა, ისე რის შეცვლას აპირებდნენ, გაუგებარია).

მესამე – პირადად მქონდა მათთან შეთავაზება, რომ ხელი მოეწერათ ინიციატივისთვის. პირადად ჩემი საუბრისა და შეთავაზების გარდა, დელეგაციის სამდივნომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეახსენა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ხელმოწერის საკითხი, თუმცა მათგან დასტური არ მიგვიღია.

ოპოზიციის მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს 10 მხარდამჭერი ვერ ვიშოვე ამხელა ევროპარლამენტში, არის აბსურდული უცოდინრობა! საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას სჭირდებოდა ხელმოწერები ამ სამი დელეგაციიდან და არა სრულიად ევროპარლამენტიდან, რაც მარტივი იქნებოდა, რომ არა უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარი ხელმოწერაზე. სწორედ მათი უარის გამო, ევრონესტის ბიურომ ვეღარ წარადგინა რეზოლუციის ტექსტი სესიაზე, რადგან მას ინიციატორი სამი დელეგაციიდან მხოლოდ 8 ხელმოწერა ჰქონდა: 5 – საქართველოს დელეგაციიდან (მხოლოდ “ქართული ოცნების” წევრების) და 3 – მოლდოვას დელეგაციიდან.

ოპოზიციის სახე ახალი აღმოჩენა ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ ამ დონის პოლიტიკურ უმეცრებასაც არ მოველოდი.
თურმე, “ქართულმა ოცნებამ” უნდა დაუღეჭოს, დაუმარცვლოს, ეხვეწოს, ემუდაროს ოპოზიციას, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, იქნებ, როგორმე, სადმე მხარი დაუჭირონ. პოლიტიკურად სწორად მოაზროვნე ადამიანი შეთავაზებას არც კი დაელოდებოდა, თვითონ მოითხოვდა, საქართველოს სასიკეთო ტექსტზე ხელი მომაწერინეთო.

თურმე, ევროპარლამენტარებს უნდა მოეწერათ ხელი, – ჩვენ რას გვიყურებდითო… ოპოზიციის “რკინის ლოგიკა” გვეუბნება, რომ საქართველოს ინტერესების დაცვა სხვას უფრო ევალება, ვიდრე მათ. არადა, ევროპარლამენტარების ვალდებულება თავიანთი ამომრჩევლისა და საკუთარი ქვეყნის ინტერესის დაცვაა და მათ არანაირად არ ევალებათ სხვაზე ფიქრი და ზრუნვა.

ის კი მაინტერესებს, რისი შეცვლა უნდოდათ. ალბათ, ამ ცვლილების კარნახსაც სხვისგან ელოდნენ, დროულად ამიტომ ვერ წარმოადგინეს, რისი შეცვლა უნდოდათ ტექსტში. ახლა
რაც უნდა ხმამაღლა ილაპარაკონ და თავი იმართლონ, ფაქტი ჯიუტ ფაქტად რჩება:

ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა, ხელი მოეწერა საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ რეზოლუციაზე და ეს არ გააკეთა;

რაც უნდა სცადოთ ხელის შეშლა, მაინც გავაგრძელებ საქართველოს ინტერესების დაცვას, სადაც ხელი მიმიწვდება“, – წერს სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილი.