“NBC News-ი”: “ხარჯების შესახებ ორპარტიული კანონი აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას ითვალისწინებს”

127

ხარჯების შესახებ ორპარტიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მთავრობის „შათდაუნი“ თავიდან იყო აცილებული, ფაქტობრივად, ასევე ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვას. ინფორმაციას “NBC News-ი” ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1012-გვერდიან დოკუმენტში არაა ნახსენები უშუალოდ საელჩოებზე ლგბტ დროშების აღმართვის აკრძალვა, მასში ასახულია „რესპუბლიკელების“ მიერ შეტანილი შესწორება, რომელიც სამთავრობო შენობებზე ლგბტ დროშების აღმართვას კრძალავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონის მიხედვით გამოყოფილი თანხები არ უნდა იყოს გამოყენებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაზე აშშ-ის ან სხვა სუვერენული ქვეყნების დროშების გარდა, სხვა ნებისმიერი დროშის აღმართვისა ან დემონსტრაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ დროშების აღმართვა საელჩოებზე და სახელმწიფო შენობებზე პირველად ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაუშვეს. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა ეს აკრძალა, 2021 წელს კი ჯო ბაიდენმა ისევ დაუშვა.