„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების თაობაზე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს საკონსტიტუციო კანონის პროექტი მომზადებულია. მომზადებულია ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობის გარეშე და აუცილებლად გაივლის რეგიონალურ დონეზე, ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით საჯარო განხილვას, რათა დაფიქსირებულ იქნას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხებისადმი.
დღევანდელი, სულ 8-პუნქტიანი კანონპროექტი საკონსტიტუციო ფორმატისაა და მისაღებად მოითხოვს დეპუტატთა არანაკლებ 2/3 ხმას. ამ ეტაპზე ეს ამოცანა, შესაძლოა, არარეალურად მოგვეჩვენოს ოპოზიციის მოსალოდნელი დამოკიდებულების გამო. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვეცოდინება იმ დეპუტატების გვარები, ვინც საკუთარი “ენჯეოს” ხაზით დაფინანსებას ოჯახურ ფასეულობებსა და არასრულწლოვანთა დაცვაზე მაღლა აყენებს. ასევე, კიდევ ერთხელ დააყენებს დღის წესრიგში იმის აუცილებლობას, თუ რატომ არის საჭირო ჩვენი სამშობლოს ტრადიციული ფასეულობების კონსტიტუციის დონეზე დასაცავად მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა. აქვე დავამატებ – ნურავინ იფიქრებს, რომ აპრიორი “განუხორციელებელი მისიის” დღევანდელი “პრეზენტაციით” ხელისუფლება და “ხალხის ძალა” თავიანთ დაპირებულ სიტყვაზე უარს ამბობენ. საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენით ჩვენ საოჯახო ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის თამასა ავწიეთ მათ დასაცავად საჭირო ყველაზე მაღალ საფეხურზე.
რაც შეეხება ამ კანონპროექტში მოყვანილ ცალკეულ ინიციატივებს, მათი გაშლა მოხდება ათეულობით ე.წ. “ჩვეულებრივ” კანონებში, რომელთა დაკორექტირებას, დღეს წარმოდგენილი მუხლების მიხედვით, 76 ხმა ესაჭიროება, რისი პრობლემაც ხელისუფლებას, “ხალხის ძალას” და ჯანსაღ საპარლამენტო ოპოზიციას ამ ეტაპზეც კი არ გააჩნიათ. ასე რომ, პროცესი დაიძრა. სამუშაო, საბოლოო ხორცშესხმის მიზნით, მხოლოდ საწყის სტადიაზეა. ახლა აუცილებელი იქნება, ამ საკონსტიტუციო და ჩვეულებრივ საკანონმდებლო ინიციატივებს მიეცეს ფართო საზოგადოებრივი დაკვეთისა და მხარდაჭერის სახე, რაც, არა მგონია, ასევე რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – წერს ქართველიშვილი.