„რაც უნდა ილაპარაკოს ვინმემ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ ფარგლებს შიგნით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა გადაარჩინა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან, ამერიკელი პოლიტოლოგის – ფრენსის ფუკუიამას განცხადების შეფასებისას.

მდინარაძე ფუკუიამას განცხადებას უინტერესოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ კარგად იცის კეთილისა და ბოროტის გარჩევა და როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ვიღაც ცდილობს, მას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, თავად ეს არის უდიდესი ბოროტება.

„ვიღაც ფუკუიამა გვეუბნება, რომ ის {ბიძინა ივანიშვილი} ყოფილა ოლიგარქი. კაცმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა, ყველანი ერთად, მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, გადაჭარბების გარეშე, და ვიღაც რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ არის საინტერესო. ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის, და იცის საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ვიღაც ცდილობს, მას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, თავად ეს არის უდიდესი ბოროტება. ამ ქვეყანაში საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს კეთილსა და ბოროტს და თეთრსა და შავს; ყველა არჩევნებზე დასტურდება, განწყობებით, რეიტინგებით, დამოკიდებულებით და ყველაფრით დასტურდება, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ადამიანმა გაწირა თავისი სიცოცხლე, თავი გადადო იმისათვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა და ახლა, ვიღაც ფუკუიამა რომ გამოხტება და რაღაცას დააბრალებს, საერთოდ არ არის ეს საინტერესო, და ამით დაშანტაჟების მცდელობაც ცალკე სისულელეა“, – განაცხადა მდინარაძემ.