„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა სასამართლოს სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაზე ისაუბრა და საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საელჩოს მიერ “ვეტინგის” მომხრე რამდენიმე მოსამართლის ევროპული ქვეყნის დედაქალაქში წაყვანაზე კომენტარი გააკეთა.

სეფაშვილის თქმით, ამ მოსამართლეებმა ერთგვარი ჯილდო მიიღეს იმის აღიარებისათვის, რომ მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, შეაფასოს საქართველოში მოქმედი მოსამართლის კეთილსინდისიერება.

„როგორც ჩანს, სწორედ ამ დავალებას ასრულებენ ცალკეული პირები, არასამთავრობოები და მედიასაშუალებები. ყოველივე ეს მიმართულია იმ წარმატების გადასაფარად, რასაც საქართველომ მიაღწია. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა რეფორმები, რომელიც წარმატებულად მიმდინარეობს და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებას.

სწორედ ამ წარმატების გადასაფარად, უცხოეთიდან, როგორც ჩანს, ძალიან დიდი ფულია გადმორიცხული იმისათვის, რათა მოხდეს ცალკეული მოსამართლისა და, ზოგადად, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში.

ამრიგად, მათი ეს პროპაგანდა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის მართლმსაჯულებაში უცხო ქვეყნის ძალები ჩაერიონ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.