„[მოსამართლეების] სანქცირება, რომელიც იყო სრულიად უსამართლო და დეზინფორმაციაზე დამყარებული, რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს – ჩვენ ჩვენი პარტნიორებისგან ველოდებით სამართლიან მიდგომებს, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერც წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება არსებობდეს პარტნიორობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, კეთილსინდისიერების კუთხით, საქართველოს სასამართლოს ძალიან მაღალი პოზიცია აქვს და “ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, საქართველოს სასამართლო სისტემას შეერთებული შტატებიც კი ჩამორჩება”.

“ნიკა გვარამიას საქმეზე, ნიკანორ მელიას საქმეზე, ასევე, “რუსთავი – 2-ის” საქმეზე იყო ზღვა ბულინგი, ტალახის სროლა კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უწესო მოქცევა, და როდესაც აბსოლუტურად სხვა შედეგი დგება, რომ, თურმე, არსად არაფერი პრობლემა არ არის, სამართლიანად მოხდა მათი საქმეების განხილვა, არავინ – არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც რადიკალური ოპოზიციიდან არ გამოდის, სიტყვას არ ამბობს და ბოდიშს არ იხდის.

რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან სწორედ იმ მოცემულობაზე ხდება დარტყმა, სადაც საქართველო მაქსიმალურ წარმატებას აღწევს.
საქართველოში არის ერთადერთი “კლანი”. ეს არის NGO-ების გაერთიანება, რომელთაც აქვთ მიზანი, ქვეყნის წინსვლას, პროგრესულ განვითარებას რაიმე სახით ხელი შეუშალონ. ამ NGO-ების “კლანს” ეხმარებიან კონკრეტული მოსამართლეები, რომლებიც, თურმე, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებშიც უტარებიათ მადლობის ნიშნად”, – განაცხადა მათიკაშვილმა.