„საქართველოს სასამართლო სისტემას ძალიან რთული გზა აქვს გამოვლილი. საბჭოთა პერიოდი რომ არ გავიხსენოთ, წინა ხელისუფლების დროს ყველა მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოსამართლით დამთავრებული, პრეზიდენტის ხელდასმით, მისი უშუალო ხელმოწერითა და ბრძანებით ინიშნებოდა. დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არც ერთი გარე შტო არ ერევა, – მხოლოდ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნაში იღებს პარლამენტი მონაწილეობას“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა სხვა საკითხს სასამართლო ავტონომიურ რეჟიმში წყვეტს.

„ჩვენ აგრეთვე ვუყურებთ, რა რეკომენდაციები გვეძლევა სასამართლო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ, ფაქტობრივად, რაიმე სამართლებრივი არგუმენტი ან სამართლებრივად გამართული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოხმარდებოდა, ასეთი რეკომენდაციები აღარ არის, იმიტომ, რომ სამართლებრივად, სასამართლო სისტემას ნამდვილად გამართული ბაზა აქვს. მაშ, რაშია საქმე? რა სჭირდება დღეს ქართულ სასამართლოს? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს (და რაშიც არის მოწყვლადი), სჭირდება სწორედ დამოუკიდებლობისთვის ხელშეწყობა და არა ბულინგი, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამას მე არ ვამბობ. წაგიკითხავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მაღალი ინტერესის მქონე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც “რუსთავი – 2-ს” ეხებოდა.

2015-2017 წლებში “რუსთავი – 2-ის” გენერალურმა დირექტორმა მოსამართლის მიმართ ისეთი ტერმინები გამოიყენა, როგორებიც არის: გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდას ფსევდომსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა. სხვა მოსამართლის მიმართ გამოიყენა: მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო; კიდევ სხვა მოსამართლის მიმართ – ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა დროის იუდა და ჩაწერა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი. ანუ, სტრასბურგის სასამართლო ამას პირდაპირ აფასებს როგორც სასამართლოში უხეშად ჩარევას, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას და, აქედან გამომდინარე, სამართლის წარმოებისთვის ხელის შეშლას.

აქედან გამომდინარე, როცა არ არის არც ერთი მყარი სამართლებრივი არგუმენტი, თუ რა გვაქვს უკეთესად გასაკეთებელი; როცა არ არის ქეისები, რა კონკრეტული შემთხვევებია; როდესაც მოსამართლის გადაწყვეტილება აშკარად არის პოლიტიკურად მიკერძოებული ან კანონის უხეში დარღვევით არის მიღებული… ასეთი ქეისებიც არ არსებობს. სტრასბურგში წაღებული ყველა ასეთი ინტერესის მქონე საქმე ყოველთვის საქართველოს მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილებით გვიბრუნდება უკან. ამ დროს უკვე მიზნები ნათლად ჩნდება – შემოაქვთ ბულინგის უპრეცედენტო სისტემა, როგორიც ეს იყო იმ დროს, როდესაც გებელსისეულად უნდა მიგეწერა – “აქ ცხოვრობს ვიღაც” და ექვსქიმიანი ვარსკვლავი მიგეხატა, ან როგორც საბჭოთა პერიოდში იყო, ისეთი ბულინგი უნდა გაგეხორციელებინა, რომ ოჯახის დონეზეც კი მომხდარიყო ადამიანისა და ოჯახის წევრების დისკრედიტაცია. რა მიზანი აქვს ამას? ის მიზანი აქვს, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლი, და ამის კონკრეტული მაგალითი – გახსოვთ, 2003 წლის არჩევნების შემდეგ რა მოხდა – არასამთავრობო ორგანიზაციის წარდგინებით, არაქვემდებარე სასამართლოს გადასცეს არჩევნების შედეგის გაუქმება და მოხდა უპრეცედენტო რამ – გააუქმეს არჩევნების ერთი ნაწილი – პროპორციული სიები და დატოვეს მაჟორიტარები, ანუ აქ პირდაპირ გამოჩნდა მიზანი – სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ეს მიზანი ამოძრავებს დღეს “ვეტინგის” მქადაგებლებს და დაუშვებელია ეს საქართველოს სასამართლოში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.