„პაეზდკებში“ გაცვლილი მოსამართლის მანტია“ – აფერუმ თქვენს ღირსებას! დატოვეთ მაინც ის მანდატი და მერე რამდენიც გინდათ, იმდენი ირბინეთ. აბა, თუ წაგიყვანთ მერე რომელიმე საელჩოს თანამშრომელი? გამარჯობასაც თუ გეტყვით? ახლა იმისთვის სჭირდებით, რომ შემდეგ იქ დაგამუშაონ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც აკეთებთ კიდეც“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა რამდენიმე მოსამართლის იტალიაში მოგზაურობას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა დააფინანსა.

„ჩემთვისაც გახდა ცნობილი, რომ 5-10- კაციანი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც ითხოვს, – შეგვამოწმეთ, პატიოსნები ვართ თუ არაო, ამერიკის საელჩოს თანამშრომლის, ვინმე ნატალია წნორიაშვილის დაფინანსებით არის „პაეზდკებში“. ამ ხუთმა თუ ათმა მოსამართლემ რომაული არდადეგები მოიწყო. ისინი გამოდიან წინადადებით, – შეგვამოწმეთ, რამდენად პატიოსნები ვართო. მგონია, რომ თუ რამეს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ეს არის კლანი, მოსამართლეების რაღაც ვიწრო ჯგუფი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ღირებულება, ავტორიტეტი და ასე შეუძლია ამა თუ იმ საელჩოს თანამშრომელს, დააფინანსოს და შემდეგ მართონ; რა განცხადებაც უნდათ, ის აკეთებინონ.

სასამართლო, რომელშიც მუშაობთ და ემსახურებით, საერთაშორისო რეიტინგებით წინ უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს – კანონის უზენაესობით, კორუფციისგან დაცვის ინდექსით – მათივე, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით – და რომ გთხოვენ „ვეტინგს“ შენს სისტემაში, რომ მოსამართლეები უცხო ქვეყნის მოქალაქემ დაგიკომპლექტოთ, ერთი კითხვა არ შეგიძლიათ, დაუსვათ – მოდი, ჯერ თქვენს ქვეყნებში ჩაატარეთ “ვეტინგი”, ევროპებში, მერე – ამერიკის შეერთებულ შტატებში და მერე ჩვენთან განვიხილოთ- თქო? შემდეგ „პაეზდკებში“, ალბათ, ვერ მოხვდებით და არ წაგიყვანენ. ეს არის თქვენი ხელწერა და აფერუმ თქვენს სიმართლეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.