„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც გაერო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, უკან გაიწვიოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„მსოფლიოში არ არსებობს, მათ შორის, არც ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა ან ადამიანი, რომლის პოზიციას ჩვენ გავიზიარებთ არგუმენტის გარეშე. ასეთი ჩვენთვის არ არსებობს და არც იქნება. არგუმენტის გარეშე არასდროს, არანაირ პოზიციას არ გავიზიარებთ.

თუკი ვინმე გვეტყვის, რატომ არის შემაშფოთებელი და დამაზიანებელი, მათ შორის, სამოქალაქო სექტორისათვის, დემოკრატიისათვის ის, რაც არ არის დამაზიანებელი ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელში და ა.შ., მაშინ კი ბატონო, ვიფიქრებთ, მაგრამ ზუსტად იგივე მიდგომა რატომ არის ევროპაში კარგი და საქართველოში – ცუდი, ვინმემ მითხრას და დავფიქრდები.

გნებავთ გაერო იყოს, – არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში, ჩვენს მეგობრებში, მათ შორის (სხვაზე არ ვლაპარაკობ), ცივილიზებულ, დასავლურ სამყაროში არ არსებობს ისეთი ორგანიზაცია და პირი, რომლის პოზიციასაც გავიზიარებთ უაპელაციოდ და უარგუმენტოდ. გვითხრან ერთი არგუმენტი, მათ შორის, ქართველი ამომრჩევლის მიერ არჩეული უმრავლესობის სახელით. გაერო-ს წარმომადგენლებს ვთხოვ, გვითხრან, რატომ დააზიანებს, რატომ არის ცუდი ის, რაც არ აზიანებს და არ არის ცუდი ევროპაში და არ აზიანებს და არ არის ცუდი საფრანგეთში, ამერიკაში, ისრაელში, ავსტრალიაში და ა.შ. რატომ? და კი ბატონო, შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.