“დღეს, სწორედ ამ სიმბოლურ დღეს უკვე ოფიციალურად დასრულდა კიდევ ერთი ისტორიული ბრძოლა სიმართლისთვის საქართველოს გამარჯვებით და მინდა მივულოცო ყველა ქართველს”, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დეპორტირებულების საქმეზე, რის შედეგადაც ათი მილიონის კომპენსაცია დაეკისრა რუსეთს, ასევე მიღებული იყო ისტორიული გადაწყვეტილება ომის საქმეზე, რის შემდეგაც ჩვენ, ყველას მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ეს არის სამართლებრივად დადასტურებული ფაქტი. ასევე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ყველა საქმე ამოირიცხა წარმოებიდან.
დღევანდელი გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, ბორდერიზაციის პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა და დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამებისა და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და, ასევე, გადაადგილების თავისუფლება.
ამ გამარჯვებას ჰყავს ბევრი გმირი. მადლობა ჩვენს ყველა თანამშრომელს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ასევე მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გენერალურ პროკურატურას და შსს-ს ასეთი სანიმუშო თანამშრომლობისთვის. საქართველომ ამ სიმბოლურ დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და გადადგა ძალიან დიდი ნაბიჯი საბოლოო გამარჯვებისკენ, რასაც ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია ჰქვია“, – აღნიშნა მინისტრმა.