„რეალურად ეს უზომოდ გამდიდრებული წურბელებიც კი, ვერ ბედავენ საკუთარი უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის დასაცავად ქუჩაში გამოსვლას, თორემ მათი რაოდენობა 1489-ზე გაცილებით მეტია”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და თბილისში გამართულ მსვლელობას აფასებს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ აქციაზე, მეტწილად, არასამთავრობოების შავი ფულით გადაბირებული ადამიანები იყვნენ.

 

„1489 ადამიანი შავი ფულის დეკლარირების საწინააღმდეგო აქციაზე – ეს ბევრია თუ ცოტა? საზოგადოებაში დაქვეითებული აზროვნების მქონე კონტინგენტის გამოსავლენად, ბევრია. შავი ფულის რეალური მჭამელების ოდენობის მიხედვით – ცოტა. ვიმეორებ, მხოლოდ ჩემს სიახლოვეს, ერთ კონკრეტულ არასაკურორტო სოფელში, ერთმა გრანტიჭამიამ უკვე დაასრულა ძვირადღირებული მშენებლობა, მეორე ვეღარ ამთავრებს, ვინაიდან ლომჯარიას ყოფილი კანტორის მკვებავ კალაპოტს მოაცილეს.

 

ამიტომ ატრიალებენ შარშანდელი „უკრაინული” აქციის ფოტოებს, იმ უკრაინის, რომელიც დღეს არცერთ მათგანს აღარ ახსოვს. მათ გაცილებით „ღირებული” კატეგორიები აქვთ დასაცავი: ბინები, აგარაკები, ბიზნეს-წილები, ავტოპარკი, საბანკო ანგარიშები.

 

დღეს ამ შავი ფულის მფლობელთა მიერ დაქირავებული, “დაბოლებული”, მოტყუებული, ქუჩაში გაშვებული „რუსო-ზომბების” რაოდენობა – 1489 იყო. დანარჩენები თავის ტელე-სერპენტარიუმებში ისხდნენ და სასოწარკვეთილი გაშმაგებით იგესლებოდნენ სიტყვა „რუსულის” ყველა არსებულ ფილოლოგიურ ბრუნვაში ხმარებით, ესმოდათ რა, რომ მათ მოჩვენებით „ევროპულობას”, სულ ცოტა ხანში გააშიშვლებს ელემენტარული, შავ ფულზე აწყობილი “საბჭოური ცეხავიკობა…” – წერს დავით ქართველიშვილი.