პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ვინც კომისიაშია, თავის დროზე, ქვეყანას უმუხთლეს“.
„მცდელობა ჰქონდათ, ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ. ასეთი ადამიანების შერჩეული რა იქნება?! სავარაუდოდ, ისევ ცალ ფეხზე მდგომი იქნება, რომელიც ქვეყნის გარედან პატრონს ან დირექტივას დაელოდება და როდესაც იქნება ბრძანება, შესაბამისად მოიქცევა.
ბატონი მესტვირიშვილი გახსოვთ ამ პროცესში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით და ვცდილობდით, მაკროეკონომიკური პარამეტრები დაბალანსებული გვქონოდა, ეკონომიკას, ქვეყანას დაარტყა და ეროვნული ბანკის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო და ეს ადამიანი ჰყავს კომისიაში.
თუ არ ვცდები, მეორე არის სხულუხია, რომელიც ფონ კრამონის მეგობარია და ფონ კრამონის მეგობარი რა იქნება, ხომ წარმოგიდგენიათ. კიდევ არის იქ ოპოზიციური არხებიდან ჩასმული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ. ამ ადამიანებისგან შეკრა კომისია ჩვენმა სასახელო პრეზიდენტმა. ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ?! – არაფერს კარგს”, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.