„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებას გამოეხმაურა, როდესაც ბითაძემ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის არასწორად ინტერპრეტირების მაგალითები მოიყვანა.

სოზარ სუბარი ეთანხმება კოლეგის მოსაზრებას, რომ ტერმინი Indigenous people არასწორად გამოიყენება, მეტიც, – აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა.

„კარგად განმარტა ქალბატონმა მაიამ, მაგრამ მინდა დავაზუსტო კითხვა მოსახლეობისთვის – უბრალოდ, მკვიდრი მოსახლეობას კი არა, როცა Indigenous people -ზე საუბრობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი, უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ და მითხარით, ვინც ამას აკეთებს, არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბითაძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი მაგალითი იყო სვანების წარმოჩენა მკვიდრ მოსახლეობად (Indigenous people) და ამ მოტივით სვანეთში ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხის დასმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იგივეა, რაც ამერიკაში ინდიელების თემა.