„ბატონი ქადაგიძე, დანარჩენ უსამშობლოებთან ერთად, არის ის ადამიანი, და ლიდერები, ვინც ხელმძღვანელობდნენ [აქციას], არიან ის ადამიანები, რომლებსაც, კვლავინდებურად, ამ ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანა და მათი ნდობის ბოროტად გამოყენება უნდოდათ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გიორგი ქადაგიძის მოწოდებაზე კომენტირებისას, რომელმაც, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.

ზარქუას თქმით, მთავარია ის, რომ ქართველი საზოგადოების უმრავლესობას სურს, საზღვარგარეთიდან არასამთავრობოებისა და მედიაორგანიზაციებისთვის შემოსული დაფინანსება გამჭვირვალე იყოს.

“ე.წ. ლიდერებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ისევ სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გაელაშქრათ, ისევ ცალ ფეხზე მდგარიყვნენ საგარეო დაკვეთის შესასრულებლად. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. როგორც იმ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, ესეც ჩაივლის. მთავარი ის არის, რომ ქართველი ხალხის ნებაა, ღია და გამჭვირვალე იყოს თითოეული ცენტი, რაც დაიხარჯება როგორც მედიაში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ ვართ ევროპულობის მომხრე. ევროპელობა ნიშნავს ღიაობასა და გამჭვირვალობას. 20 პროცენტზე მეტი ვისაც ექნება საგარეო დაფინანსება, ბუნებრივია, მოუწევთ დეკლარირება – ეს არის და ეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.