„არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ ბატონ პაატას [მანჯგალაძე], რომელიც გავიდა სხდომათა დარბაზიდან და გიორგის [ვაშაძე] არ ეთქვათ, – რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები; რუსეთიდან კომპანიები რომ გამოდიან, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან რომ შემოვიდნენო. ამას იძახდნენ და ახლა ამოატრიალეს და რატომ აკეთებთო, – აქეთ გვეუბნებიან. ვინ გააკეთაო? ყველამ გააკეთა, შუა აზიით დაწყებული, კავკასიით და ევროპით დამთავრებული და ახლა აშშ-ც აკეთებს; აღარ მინდა ჩავუღრმავდე, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ელექტრომობილებზე ევროპას რა გაუკეთა“, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე.

როგორც კვიჟინაძემ განმარტა, ოფშორული კომპანიები, რომლებზეც საუბარია, იურიდიულად დასავლეთის ქვეყნებს მიეკუთვნებიან და თავად დასავლეთმაც მიიღო ანალოგიური გადაწყვეტილება. მისივე თქმით, კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება იმ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში აქვთ სარგებელი, ანუ ოფშორში არსებულ ისეთ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში არსებულ კომპანიებსაც მართავენ.

„ყველა ცდილობს თავისთვის, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს, რომ ინვესტიცია, როდესაც ოფშორშია, რომელიც, როგორც გითხარით, იურიდიულად ეხება დასავლეთის ქვეყნებს – იქ დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან. იმავე დასავლეთმა თავისი კანონები მიიღო, – რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი იყოს და ა.შ. ამიტომ, იმ ხალხმა, ვინც იქ არის, მოინდომა, ნელ-ნელა გამოვიდეს ჩვეულებრივ სიტუაციაში – ვინც გინდა, ის იყოს, თქვენ სახელებსა და გვარებს ამბობთ. რა არის ცუდი იმაში, რომ ოფშორიდან გადმოვა და საქართველოში შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული? ამაში ცუდი რა არის? აქამდე სხვანაირად იძახდით, ახლა სხვანაირად იძახით. ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება, ვიმეორებ: არავის არ ეხება ეს, ვინც გინდა შემოიტანოს – ეხება საქართველოში სარგებელი რომ აქვს, ისეთს, ანუ თუ ოფშორში აქვს კომპანია, რომელიც მართავს საქართველოში კომპანიას“, – განუცხადა პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.