ამერიკული ჰოლდინგური კომპანია “IG International-ის” დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე უერთდება იმ ბიზნესმენების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა.

საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასე ეხმაურება:

„როგორც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელს, მსურს, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს ვითარდებოდა. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ, ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასდროს ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტიანი კომუნიკაცია, სტაბილური გარემო განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას გვაძლევს.

დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართველი საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდება“, – წერს მინდია საბანაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.