“კოლუმბიის უნივერსიტეტში მომიტინგეებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები, გადააბრუნეს ავეჯი და დააზიანეს მთელი ჰამილტონ ჰოლი. ეს გაგრძელდა კამპუსში პოლიციის შესვლამდე, რის შედეგადაც 100-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს”, – ინფორმაციას “Daily mail-ი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაახლოებით, 40 მომიტინგე დააკავეს შენობის პირველ სართულზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაშალა პალესტინის მომხრე სტუდენტები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული დარბაზი.

მოვლენების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები აჩვენებს, რომ დარბაზი დანგრეული და აქტივისტების ნივთებით იყო სავსე.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მინუშ შაფიკმა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტს მოუწოდა, „აღედგინა წესრიგი და უსაფრთხოება“ კამპუსში პროტესტის ესკალაციის ფონზე, რაც ასევე მოიცავდა სასწავლებლის გაზონებზე მასობრივად დაბანაკებას.

დარბევის დროს დემონსტრანტები დააკავეს კამპუსში და მიმდებარედ არსებულ, ნიუ-იორკის სითი კოლეჯში, სადაც მსგავსი საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა.