„ქართული ოცნების” საყოველთაო შეკრებამ ისტერიკა გამოიწვია ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალაში – „ნაციონალურ მოძრაობაში” და არასამთავრობო სექტორში, რომელიც გამჭვირვალობას ემალება. ეს ძალები ღია, შეგნებულ რადიკალურ მოქმედებებზე მიდიან და პოლიციის მიმართ პირდაპირი გაგებით ძალას იყენებენ”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.

„მათ მიერ გამართული გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ დასაშვებ საზღვრებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პოლიტიკურ პოლიგონზე გამოსული, კარგად გადამზადებული „ნაციონალური მოძრაობა” მოქმედი პოლიტიკოსებითა და მათი აქტივით – ჯამში, დაახლოებით, 3000-მდე პირი პირდაპირ უტევდა ქართველ ძალოვანებს. ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოს ასეთ ქმედებებზე კანონიერი პასუხი აქვს და ქართულ სახელმწიფოს, ასეთ ვითარებაში, ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს, როგორ მოიქცეს.

ხელით შეეხებით ძალოვანს? “მოლოტოვის კოქტეილს” შეუგდებთ? გაყინული წყლით სავსე ბოთლებს დაუშენთ? საგანგებოდ მიტანილ ქვებს ესვრით? ლაზერს მიანათებთ თვალებში და სიტყვიერად შეურაცხყოფთ ძალოვანს? პასუხს მიიღებთ! რადგან ძალოვანი სახელმწიფოს ინტერესებისათვის და მის დასაცავად მოქმედებს და იცავს ქართული სახელმწიფოს, მათ შორის, თქვენგან იცავს თქვენს წილ საქართველოს, რომ იცხოვროთ სუვერენულ სახელმწიფოში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.