„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა.

„პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები, რასაკვირველია, წინასწარ იყო დაგეგმილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესი დიდი ხნის დაგეგმილია, – სურთ, ასწიონ ტემპერატურა, გამოიწვიონ ვნებათაღელვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ამიტომაც იძულებულები ვართ, ამ ადამიანებს შევახსენოთ, რომ სირცხვილია, ლიდერებად გყავდნენ წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ. ეს ადამიანები დარბევებისა და ძალადობის აპოგეაში იყვნენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, როგორ არბევდნენ და კლავდნენ ხალხს პირდაპირ ქუჩაში. შეუძლებელია, ეს ვინმეს არ ახსოვდეს. თუმცა, არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან“, – განაცხადა ყაველაშვილმა.