„ჩვენ ვართ ღია და გვინდა პარტნიორული ურთიერთობები ყველასთან, და ამას ვამტკიცებთ კიდეც, მაგრამ შეხედეთ, ვინ ახმოვანებს რადიკალურ მითითებებს, არც იცვლებიან აქტორები – კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.

“ეს ის ადამიანები არიან, ვინც ყალბ ნარატივებს აჟღერებენ და ამით ცდილობენ, საქართველოში საკუთარი ინეტრესები გაატარონ.

დარბევაზე გვესაუბრებიან, არადა, ნახეთ, როგორ იქცევა პოლიცია ვირჯინიის უნივერსიტეტში აქციის დაშლისას და რა ვქნათ ახლა – შეშფოთება გამოვხატოთ ამერიკის ხელისუფლების მიმართ და პროტესტი გამოვხატოთ მათი პოლიციის ქმედებაზე? ესაა ორმაგი სტანდარტი და ვერავისგან მივიღებთ მითითებას.

პირდაპირ ვამხელთ, რომ ფული აქვთ აღებული და ამიტომ ლაპარაკობენ. ახალგაზრდებს მინდა მივმართო და საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მოუწოდებენ არეულობისკენ – ანალოგიური ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებით, როცა მთელი საზოგადოება იყო ჩართული, მათ შორის, მსოფლიო მედია, თითქოს დემენცია ჰქონდა და კლავდნენ სააკაშვილს. ვიხილეთ კიდეც 27 ქვეყნის ელჩების დემარში იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. ეს ხომ ფაქტია და რას გვიპასუხებენ ამაზე ხარანაული იქნება ეს, თუ კინწურაშვილი? არ რცხვენიათ? ვის ემორჩილებიან? პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ გარე ძალებს ემსახურებიან და იმიტომ სურთ ეს არეულობა, რომ შემდეგ ქვეყანა ჩართონ ომში.

რაც უკრაინაში ხდება, იგივე სურთ საქართველოში და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კი დაინახა საქართველომ, სად დგას უმრავლესობა. ახლა რასაც ვუყურებთ, ესაა უმცირესობების ახირებები და ამას ემსახურებიან ეს გულანთებული ახალგაზრდები. უმრავლესობა არის მმართველი ძალა, რომელიც წლებია, ყველა არჩევნებში იმარჯვებს და დღესაც არის ამ უმრავლესობის ნაწილი და ნუ ცდილობენ ვითარების არევას. ერთხელ და სამუდამოდ დაიცვან წესები, გამოხატონ თავიანთი აზრი, თუ აქვთ, მაგრამ ძალადობასა და გადატრიალებას, რასაც ცდილობენ, არ დავუშვებთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.