„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 30 აპრილს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის ფორმა და შინაარსი შეადარა იმ აქციების დარბევას, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პერიოდში.

სუბარმა კომენტირებისას 7 ნოემბრისა და 26 მაისის ცნობილი მოვლენები გაიხსენა და იმ დარღვევებსა და დანაშაულებზე ისაუბრა, რომელსაც წინა ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სჩადიოდა.

„შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება ყოველთვის დაცულია, მაგრამ, როდესაც ის გადადის ძალადობრივ ქმედებაში; როდესაც იწყება სახელმწიფო უწყებების, მაგალითად, პარლამენტის ბლოკირება; როდესაც ხდება პოლიციელებზე თავდასხმა, ბუნებრივია, ეს აღარ არის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფორმატი და პოლიციას უფლება კი არ აქვს, მოვალეა, წესრიგი დაამყაროს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.

ჩვენ – ყველანი ვხედავთ, რა ხდება დღეს, თუნდაც ამ საათებში ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტში, სადაც პოლიცია შედის შენობებში და იქ, სადაც აქცია სცდება კანონის ფარგლებს, შესაბამისად ამყარებს წესრიგს. ასე ხდება მთელ მსოფლიოში. 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებზე თუ ვილაპარაკებთ, აქ შედარებაც არ შეიძლება.

7 ნოემბერს, დილის 6 საათზე რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი პარლამენტის წინ, აქციაზე, მათ შორის, პარლამენტის რამდენიმე წევრიც, რომლებსაც თავს დაესხნენ თბილისის დასუფთავების სამსახურის ტანსაცმელში გადაცმული სპეცრაზმელები და სამოქალაქო პირები, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ დასუფთავების სამსახურთან. მათ დაარბიეს ადგილზე მყოფები და უსასტიკესად გაუსწორდნენ ქალაქის სხვადასხვა ადგილზე შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებს. პირადად მე სახალხო დამცველი ვიყავი მაშინ და თავს დამესხა სასჯელაღსრულების სპეცრაზმი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან შორს ამ შეკრების ადგილებიდან. თავი დავანებოთ იმას, რომ კანონის უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი, როცა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყვანეს სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის სამინისტროს ძალები, ეს იყო უსერიოზულესი დარღვევა და კრიმინალი. დევნა ხორციელდებოდა რიყეზე შეკრებილი მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სამების ტაძრამდეც კი მისდევდნენ. ამას არაფერი აქვს საერთო გუშინ მომხდართან, როცა პირდაპირ ეთერში ვხედავდით, როგორ ესროდნენ სხვადასხვა საგანს პოლიციელებს, როგორ ხდებოდა პარლამენტის შესასვლელების გადაკეტვა და შენობის პიკეტირება.

7 ნოემბრის მოვლენების დროს მოხდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, ხელში ჩაგდება, სიხშირის დაუფლება და შემდეგ მისი გადაცემა ადამიანისთვის, რომელსაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ტელევიზიასთან. ეს იყო უდიდესი კრიმინალი. ამას მოჰყვა 26 მაისი. ეს შეკრებაც ატარებდა მშვიდობიან ხასიათს, თუმცა, თავი რომ დავანებოთ აქციის ხასიათს, ორი ადამიანი მოკლეს, გვამები მაღაზიის თავზე შემოდეს და შემდეგ გვიმტკიცებდნენ, – დენმა იმსხვერპლაო. შემდეგ ერთ-ერთის ოჯახის წევრს დაემუქრნენ, – შვილი ციხეში გიზის და, თუ ხმას ამოიღებ და იჩივლებ, როგორც ქმარი მოგიკალით, შვილსაც ისე მოგიკლავთო. აი, ამასთან როგორ შეიძლება გუშინდელი დღის შედარება?!

და კიდევ ერთი: მე აქ ვიყავი 9 აპრილს, როდესაც რუსეთის პირსისხლიანი ჯალათები არბევდნენ მოქალაქეებს და, მათგან განსხვავებით, 2011 წლის 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს ჩაუკეტა ყველა გასასვლელი და ადამიანებს დასდევდნენ ყველგან, – კინოთეატრ „რუსთაველში“, თითოეულ შენობაში შედიოდნენ და სცემდნენ მათ. ამ ყველაფრის შედარება არ შეიძლება იმასთან, როცა პოლიცია გასცემს პასუხს ადამიანებს, რომლებიც ძალადობენ პოლიციაზე და ცდილობენ სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.