„დარწმუნებული ვარ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი დღეს მეორე მოსმენით მიღებული იქნება“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„დღესაც, ოპოზიცია არღვევდა კანონს და პარლამენტში დებოშის მოწყობას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ზოგიერთი მათგანი გაძევებულ იქნა სხდომათა დარბაზიდან, სხდომა ჩვეულებრივ, კონსტრუქციულთან მიახლოებულ ფარგლებში გაგრძელდა.

ოპოზიცია ჩართულია განხილვაში. მე როცა ვთქვი, კონსტრუქციული ვიგულისხმე, – რომ კანონის ზღვარზე თამაშობენ, უბრალოდ, ისინი შინაარსობრივ კითხვებს კი არ სვამენ, არამედ ცდილობენ, დრო გაწელონ და დღეს არ მოესწროს კანონის მეორე მოსმენით მიღება.

კანონის მიღება დღეს აუცილებლად მოესწრება, რადგან შალვა პაპუაშვილი ყველა იმ კითხვას, რომელიც არ ეხება კონკრეტულ მუხლს, ხსნის შეკითხვის რეჟიმიდან. საზოგადოებას შევახსენებ: კანონის მეორე მოსმენა გულისხმობს, რომ კონკრეტულ მუხლზე უნდა დაისვას კითხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.