„ვიცით, რასაც სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას – ეს უკვე დადასტურდა. ის, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა, ვინმემ გვაპატია?! – არ გვაპატიეს“, – განაცხადა პარტია “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

“ძალიან მარტივი მიზანია: უნდა მოხდეს რადიკალური პროცესები, რევოლუცია, ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც საქართველოში დაიწყებს ომს – მეორე ფრონტს.

უკრაინის ხელისუფლებაში პირდაპირ თქვეს: “თქვენ ომის დამწყები არ ხართ; სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა”. ამიტომ უნდათ აქ რადიკალიზაცია, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა და შემდეგ მეორე ფრონტის გახსნა – ეს ხალხი ამის გამკეთებელია. სულ 4-5 თვე დარჩა არჩევნებამდე. ამათ მართლა იმის იმედი, რომ ჰქონდეთ, რომ არჩევნებით მოიგებენ… კვლავ ამბობენ, რომ საზოგადოების უმრავლესობა საქართველოში მათ უჭერს მხარს. მოიგონ არჩევნები და არა მხოლოდ ეს კანონი, სხვა კანონებიც შეცვალონ! მაგრამ იციან, რომ ვერ მოიგებენ არჩევნებს, ნულოვანი რეიტინგი აქვთ.
ამიტომ უნდათ მათი პარტნიორების მეშვეობით, იმ შავი ფულით, რომელსაც საზოგადოებას არ აჩვენებენ, აქ რადიკალიზაცია მოაწყონ. თანაც, ეს კანონი 3 თვის შემდეგ ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა – სექტემბერში უწევს ამოქმედება. რეალურად, თუ ოქტომბერში ხელისუფლებაში მოვლენ და ამის იმედი აქვთ, შეცვალონ ეს კანონი და გააუქმონ. თუმცა, იციან, რომ ვერ მოიგებენ. ამ კანონმა გამჭვირვალე არა მხოლოდ ფინანსური სისტემა გახადა, არამედ ეს ხალხიც – პირდაპირ ნიღაბი ჩამოხსნა რადიკალურ ოპოზიციას.

ჩვენ არ დაგვიტოვეს არჩევანი. გვითხრეს, – ან ომი, ან ევროპა. “თუ გინდათ, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ და სტატუსი მიიღოთ, მაშინ უკრაინიზაცია უნდა გაიაროთ”. ჩვენი პასუხი იყო: “ჩვენ ევროპა და ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა გვსურს”. თუ მეუბნები, რომ ომი უნდა გავიაროთ, მაშინ ასე არ გვინდა. ამიტომ შევინარჩუნეთ მშვიდობა – მათ შორის, “ხალხის ძალამ” შევძელით და სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას.

გვახსოვს, კანდიდატის სტატუსზე როგორ გვევაჭრებოდნენ ბოლო მომენტამდე. თუ ჩვენ დავთმობთ, ცალი ფეხით შევალთ ევროკავშირში, თუ არ დავთმობთ, მაშინ ღირსებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებით შევალთ ევროკავშირში”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.