“მიმდინარე პროცესით მათ არ აქვთ არანაირი იმედი, რომ შეძლებენ რაიმეს შეცვლას და ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამიტომ, მათი გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ ძალადობისა და დესტაბილიზაციის გეგმა, რათა საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით, როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

“ამისთვის დღეს ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შემდეგი თვეების და, განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდისთვის ემზადებიან. ცდილობენ, სრული მობილიზაცია მოახდინონ და ამით აიხსნება ისიც, რომ მაქსიმალურად უპირისპირდებიან გამჭვირვალობას, მაქსიმალურად უპირისპირდებიან ანგარიშვალდებულებას. ფაქტია, ხელს აფარებენ და ცდილობენ, საზოგადოებას დაუმალონ ის ფონდები, ის დაფინანსება და შემოსავლები, რომელიც პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ. რეალურად, ეს არის მათი საერთო გეგმის ნაწილი. ამან, სამწუხაროდ, სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია, მისი რეპუტაციისა და სანდოობის შელახვაც მოახდინა.

სინამდვილეში, რასაკვირველია, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქვეყანაში თავისუფალი მედია, ადამიანის უფლებების დაცვა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ევროპული ღირებულებები დააბრუნა და რასაც მომავალშიც მხარს დავუჭერთ. მაგრამ, რასაც მხარს არ ვუჭერთ და პრინციპულად ვუპირისპირდებით, ეს არის ქვეყნის დესტაბილიზაციისა და მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევანის ჩამორთმევის მცდელობა.
როდესაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და მათ თანამოაზრეებს აქვთ მცდელობა, თავად გახდნენ ქვეყანაში აზრის მონოპოლისტები, თვითონ შექმნან სცენარები და ეს დანარჩენ საზოგადოებას მოახვიონ თავს, ეს ვერ მოხდება და, მით უმეტეს, ვერ მოხდება ძალადობით. სახელმწიფო ინსტიტუტებს პარლამენტიდან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ, რათა დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება, დაიცვან ქვეყანაში წესრიგი და კანონის უზენაესობა”, – აღნიშნა თალაკვაძემ.