„ადამიანებმა, რომლებიც აქციაზე სკანდირებენ, რომ საქართველოს გზა არის ევროპისკენ, საინტერესოა, თუ იციან, რამხელა პატივს სცემენ ევროპაში სამართალდამცველებს და მათი შეურაცხყოფა როგორი მძიმე მუხლით ისჯება“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.

„მას შემდეგ, რაც ჩატარდა საერთო- სახალხო შეკრება და რადიკალურმა ოპოზიციამ დაინახა, თუ რამდენი ადამიანი გვიჭერს მხარს, ცდილობენ, აქციები, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათის იყო, დაპირისპირებაში გადაზარდონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე იქნება მოწოდებები დაპირისპირებისკენ და კიდევ უფრო ეცდებიან, სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

უკვე დიდი ხანია, ვამბობთ, რომ რადიკალურ ფრთას საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილება სურს, რის შემდეგაც საქართველო ჩათრეული იქნება დიდ ომში და გაიხსნება მეორე ფრონტი. ჩვენ, რასაკვირველია, მაქსიმალურად შევეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს.
რადიკალების საბოლოო მიზანზე დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. რასაკვირველია, სააკაშვილის საქართველოში შემოყვანა არ იყო შემთხვევითი, – ის სპეციალურად არის შემოგზავნილი.
ყველას კარგად გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ როგორ მოგვიწოდებდნენ, სახელმწიფო თვითმფრინავებით გაგვეშვა მოხალისეები, დაგვესანქცირებინა რუსეთი, ღია დაპირისპირებაში შევსულიყავით აფხაზებთან და ოსებთან, ანუ მათი მთავარი მიზანია, საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია და, როგორმე, ჩათრეულები ვიყოთ დიდ ომში. რა თქმა უნდა, ჩვენ მყარად ვდგავართ და არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დავუშვებთ.
მიმდინარე პროცესები უკვე გასცდა კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ამ ყველაფერს გონიერი ადამიანი კარგად ხედავს. ეს არ არის ბრძოლა რუსეთისკენ ან ევროპისკენ. ეს არის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და იმისთვის, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული და უნდა შეასრულოს ხალხის სურვილები.

რაც შეეხება გუშინდელ აქციას, თავდაპირველად, ის მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით, გარკვეულმა ჯგუფებმა მოახერხეს და გადაიყვანეს დაპირისპირების მძიმე ფორმებში. რა თქმა უნდა, ძალადობა ნებისმიერი მხრიდან მიუღებელია. აუცილებლად უნდა გამოვხატო ჩემი მხრიდან დიდი პატივისცემა იმ სამართალდამცველების მიმართ, რომლებიც მედგრად დგანან და აქციის მონაწილეების მხრიდან სხვადასხვა შეურაცხყოფას ითმენენ.

აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც, რეალურად, არ არიან გაერთიანებულნი რადიკალურ ჯგუფში, მოვუწოდებ, მშვიდობიანი აქცია დადგენილ ნორმებს არ გასცდეს.
მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვალდებულები ვართ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და წინ გადავდგათ ნაბიჯები”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.