„დესტრუქციის გზა ეს არის ოპოზიციის ერთადერთი არჩევანი და ასევე მათი ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი, იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და მათ მოგების არანაირი შანსი არ აქვთ”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„სამწუხაროა, როცა ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის შეუზღუდავი, რადიკალები ირჩევენ დესტრუქციის გზას. მაგრამ ამას აქვს თავის წინაპირობები. დესტრუქციის გზა ეს არის ოპოზიციის ერთადერთი არჩევანი და ასევე მათი ერთადერთი პოლიტიკური გამოსავალი, იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება და მათ მოგების არანაირი შანსი არ აქვთ. მათი პატრონებიც ხვდებიან ამას და ამიტომაც ერთად დაგეგმეს ისევ დესტრუქცია და ქვეყნის პოლიტიკურ ჩიხში შეყვანა და საკუთარი პოლიტიკური სარგებლის ნახვა.

ეს ქმედება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე დღის წინ, როცა ერმა პრაქტიკულად თავის ხმა გააგონა ქვეყნის შიგნით ამ დესტრუქციულ ძალას, ქვეყნის გარეთაც საკმაოდ მკაფიო მესიჯი გააგზავნა და სპეკულაციის სივრცე არ დატოვა, როცა დააფიქსირა, რომ ხელისუფლება და საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ერთი. ეს საჭირო გახდა იმის გამო, რომ ხშირად ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ იყენებენ არგუმენტს, რომ თითქოს ხელისუფლება სხვაა და ხალხი სხვაა, თითქოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ხალხს მიენიჭა და არა ხელისუფლებას. ეს თემა ახლა ჩაიკეტა და როდესაც ნახეს (სადღაც 200 000 ადამიანი გამოვიდა) ერთობა ხალხის და ხელისუფლების, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ დესტრუქციის გარდა არავითარი გზა აღარ რჩება და გააქტიურეს ქმედებები – ჩვენ ვნახეთ,მშვიდობიანი აქცია როგორ გადაზარდეს აგრესიულ ქმედებებში.

თუმცა, ამასაც თავისი წამხალისებლები ჰყავს. ერთი ის, რომ გარედან შავი ფულით ხდება მცდელობა მოხდეს შიდა ქართული პოლიტიკის ფორმირება. მეორე, ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი, რომელიც უკავშირდება ელისაშვილის საქციელს; ნაციონალური მოძრაობის განცხადებები თავისუფლებაზე, პოლიციის მხრიდან მათ დევნაზე და ეს განცხადებები პირდაპირ ეთერში კეთდება; ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როცა გრიგორიადისი გამოუშვა, მან პრაქტიკულად ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს მისცა ყველაფრის უფლება. ამ ყველაფრის უფლებით სარგებლობენ ახლა ისინი და მათთვის არც სამართალი, არც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და არც წესრიგი აღარ არსებობს და ხედავთ, რომ იწყებენ შტურმს – უნდათ პარლამენტის ბლოკირება, დეპუტატების ალყაში მოქცევა, მათთვის იარლიყების მიკერება, რაც არის ნეო-ფაშისტური გამოხტომები და ა.შ.

შემოდიან პარლამენტში და თითქოს კანონპროექტზე მსჯელობენ. აცხადებენ, რომ ეს არის რუსული კანონი, არადა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ქართული და სწორედ ამიტომაა ატეხილი შინ თუ გარეთ ერთი ამბავი, რომ კანონმდებლობა, რომელიც ქვეყნისინტერესებს დაიცავს, არ იქნეს მიღებული, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტზე ჭიდაობა. ერთ მხარესაა შავი ფული და დიდი ინტერესები და მეორე მხარეს – ქართული კანონმდებლობა და ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი,“ –  აღნიშნა ხუნდაძემ.