„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს დამოუკიდებელი ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ მოეწონა და ამის გამო, ჩვენ, კანონმდებლები დაგვასანქცირა, როგორც ამბობენ… არ ვიცი, ჯერ არ გადამიმოწმებია. რომ ჩავალ ამერიკაში, გეტყვით, სანქციების ქვეშ მოვხვდი თუ არა. მაგრამ ასე ხომ განაცხადეს… გესმით, რა “სამართლიანობის ზეიმთან” გვაქვს საქმე?“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
“პირდაპირ გეტყვით: ევროკავშირიც მუშაობს იმ მესიჯბოქსებით, რომლითაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები მოქმედებენ. სავარაუდოდ, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაგვსაჯონ. რატომ? თქვენ თუ გაიგეთ, რის გამო? ერთი არგუმენტი მაინც მოიხმონ და გვითხრან. ღიად, საჯარო დისკუსიებისთვისაც მზად ვართ, უბრალოდ, აგვიხსნან, რის გამო? – რომ საქართველომ დაიცვას თავისი თავისუფლება და ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი თვითონ მიიღეს და ახლაც ამზადებენ. ამის გამო გვსჯიან?! ჩვენ მზად ვართ. კი, ბატონო, თუ მე უნდა გავხდე სანქცირებული ამის გამო, დაე, ვიყო. პირადად პრობლემა არა მაქვს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და ის, რაც ხდება ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ეგ არის ჯანსაღი გალაწუნება. წესით, უნდა გამოფხიზლდეს ევროპა და თავიანთ ეროვნულ ღირებულებებზე გააკეთონ აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აგერ, შედეგი, რაც მიიღეს. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებიც მალე გვაჩვენებს თავის შედეგს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.