ანაკლიაში სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონიდან 18 სალოტბარო სკოლის 400 მოსწავლე მონაწილეობს. ფესტივალის პროგრამა მოიცავს, როგორც შემოქმედებით, ისე სპორტულ და გასართობ აქტივობებს.
ქორეოგრაფიული მიმართულებით ფესტივალთან აქტიურად თანამშრომლობს ცნობილი ქორეოგრაფი, მოცეკვავე და კასკადიორი, ტაურუსის ჯილდოს მფლობელი ლაშა მძინარაშვილი.
ფოლკლორული სიმღერის მასტერკლასებს ჩაატარებენ ანსამბლ ,,ბასიანის” სოლისტები. ფესტივალის მონაწილეებს მსოფლიო ხალხთა მუსიკას გააცნობს ,,თუთარჩელას ” ხელმძღვანელი თამარ ბუაძე.
ფესტივალის პროგრამაშია – ლოტბარის საათი, რომელსაც ანსამბლ,,ლალხორის”ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი წარუძღვება.
მოსწავლეები გუნდებად გადანაწილდნენ და თითოეულ გუნდს ორი მოხალისე- ლიდერი ჰყავს. ლიდერებს შორის არიან სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულებიც. მოსწავლეების სპორტული აქტივობების პროგრამა სოფიო ტალახაძემ შეადგინა.
ანაკლიას პირველ ეტაპზე ლენტეხის, ფოთის, ხარაგაულის, ყვარლის, ამბროლაურის და ოზურგეთის სალოტბარო სკოლების 120 მოსწავლე ესტუმრა. მონაწილეთა პირველი კონცერტი ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის სახლში გაიმართა.
ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდება და 28 ივლისს საზეიმოდ დაიხურება. ,,მომავლის ხმები” ტრადიციულად ყოველ წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.