სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში 2 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დაასრულა“, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს.
„მეორე ბილიკის მარკირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა, რომელიც ზარათის ჩანჩქერამდე მიდის.
გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონიშნა და ინფრასტრუქტურულად მოაწყო ჯამურად 227 კმ სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი,
მათ შორისაა იმერეთის 2 ბილიკი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2,7 კმ სიგრძის კაცხი- კაცხის სვეტის პანორამული ბილიკი მოეწყო. ბილიკებს ბოლოს იშლება პანორამული ხედები კაცხის სვეტზე. 5 კმ სიგრძის ბილიკი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანის ჩანჩქერთან მოეწყო.
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„კაცხის სვეტის პანორამულ ხედთან უკვე მარკირებული ბილიკით შესაძლებელია მოხვედრა, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. მთელი საქართველოს მასშტაბით 111 ბილიკია მონიშნული, რომელიც 1400 კილომეტრს ფარავს. აღსანიშნავია, რომ საფეხმავლო ბილიკები როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მოლაშქრეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, მონიშნული ბილიკები მოგზაურებს უადვილებს უსაფრთხოდ მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ბუნება, მთები, ხეობები, მდინარეები და ა.შ.“ – აცხადებს მაია ომიაძე.
წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამეგრელოში, იმერეთსა და ფშავ-ხევსურეთში ჯამურად 180 კმ ბილიკის მონიშვნას გეგმავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.