ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მისი და მისი მეგობრების დაკავების დღეს “ფეისბუკის” გვერდზე ეხმიანება.
“ამ დღეს, ღამის 3 საათზე 2011 წელს, ნაძირალა მიშას ბრძანებით დაგვაპატიმრეს!! ამ ხნისმანძილზე დღე არ გადის, რომ არ ვიფიქრო იმ ჯოჯოხეთზე რაც გავიარეთ; დაგვაპატიმრესცრუ ბრალდებით.
დღეს ზურა აღარ გვყავს – ყველაზე თბილი და კეთილი ადამიანი, ყოველთვის ვიბრძოლებ მე პირადად იმ ბოროტების წინააღმდეგ რასაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია!!”, – წერს აბდალაძე.
ცნობისთვის: 2011 წლის 7 ივლისს, ჯაშუშობის ბრალდებით 4 ფოტოგრაფი დააკავეს.
საქმეზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო საზოგადოებისთვის საქმის დეტალები ცნობილი არ გამხდარა.
რამდენიმე კვირიანი პატიმრობისა და ხმაურიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპროცესო გარიგებით გაათავისულეს.
“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 2016 წლის დეკემბერში, მთავარმა პროკურატურამ ოთხივე ფოტორეპორტიორი უდანაშაულოდ აღიარა, 2017 წელს კი სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2011 წელს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ წინა ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას ასახავდა.