“საფრანგეთის არჩევნებმა წარმოშვა პარლამენტი, რომელსაც პოლიტიკური დამბლის უპრეცედენტო პერიოდი ემუქრება”, – წერს ამერიკული გაზეთი “The Wall Street Journal-ი” სტატიაში სათაურით წინასაარჩევნო შოკის შემდეგ, ღრმად დაყოფილ საფრანგეთს უპრეცედენტო ჩიხში შესვლა ემუქრება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შედეგები ავლენს კლასობრივი, გეოგრაფიული და რელიგიური ნიშნებით ღრმად დაყოფილ ქვეყანას.

„ვერცერთი პარტია ვერ მიუახლოვდა [აბსოლუტურ] უმრავლესობას. „ახალი სახალხო ფრონტი“, მემარცხენე პარტიების ალიანსი, რომელმაც მოიპოვა ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში, მრავალფეროვანი კოალიციაა, რომლის ყველაზე ძლიერი ფრაქციაა ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“, – ნათქვამია სტატიაში.

არჩევნების შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ ულტრამემარჯვენეების მიმართ ოპოზიცია კვლავ ფლობს ძლიერ უმრავლესობას საფრანგეთის პოლიტიკაში.

„1958 წელს თანამედროვე საფრანგეთის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების შედეგად იქმნებოდა მემარცხენეებისა და მემარჯვენეების დიდი პოლიტიკური ბლოკები, რომლებიც სწრაფად აყალიბებდნენ მთავრობას. კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგად, ხმები მთელ პოლიტიკურ სპექტრზე გადანაწილდა, ხოლო ზოგიერთი ყველაზე ძლიერი ფრაქცია კონცენტრირებულია უკიდურეს ფლანგზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ახლადარჩეული ბლოკებისთვის პირველი ნაბიჯი იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შეთანხმება, რომლის დანიშვნასაც მაკრონი უნდა დათანხმდეს. კანდიდატი, რომელზეც პარტიები შეთანხმდებიან, ჯერ არ ჩანს.