ჩეხეთის დედაქალაქში 27 წლის ფილიპ სიმანს ასამართლებენ. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ფორმირების შემადგენლობაში იყო და უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.
ჩეხური მედია გამოძიების ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 2022 წლის მარტის ბოლოს ფილიპ სიმანი მოხალისედ მსახურობდა ირპენსა და ბუჩაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ნაციონალისტურ ბატალიონში. სიმანი 11-კაციან რაზმს მეთაურობდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ძარცვაშია მხილებული.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიმანმა განადგურებული თვითმფრინავიდან “გუჩის” სათვალეები, აირწინაღი, ოქროსა და ვერცხლის ზოდები მოიპარა. გამოძიების ცნობით, მან დაღუპულებს სამკაულები მოხსნა და მათი პირადი ნივთები მიისაკუთრა. ის უკრაინაშიც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა – სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის ჩეხმა სამართალდამცველებმა კვლავ დააკავეს.
სიმანი ბრალს არ აღიარებს.