“ქართული ოცნების” კომუნიკაციების დეპარტამენტის პლატფორმა “სინამდვილეში” უცხო ქვეყნის მიერ, კერძოდ, დანიის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციის დაფინანსების ფაქტს ეხმაურება.

“27 ივლისს, დანიის მთავრობის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD), პარტიების მონაწილეობით, წალენჯიხაში ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი” მოაწყო, სადაც პარტიები მოქალაქეებს თავიანთ საარჩევნო პროგრამას აცნობდნენ.

სინამდვილეში, ეს არის უცხოური დაფინანსებით წინასაარჩევნო პარტიული აგიტაციის წარმოება და სავარაუდო პოლიტიკური კორუფცია.

აღსანიშნავია, რომ ამ “ენჯეოს” 9 წევრიდან სამმა – დამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ, ასევე, ირინე კურტანიძემ და თამარ ჯოლოხავამ ოფიციალურად განაცხადეს, რომ პოლიტიკაში არიან და მამუკა ხაზარაძეს შეუერთდნენ. პარტიულ აგიტაციასთან ერთად, ამ ღონისძიების ფორმატი და გრაფიკი აჩენს ეჭვებს, რომ ეს გრანტი გამოიყო იმისათვის, რათა “ენჯეოს” ამ თანამშრომლებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობა დაეფინანსებინათ.

ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ღონისძიება სრულად ფინანსდება „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” (DIPD) მხრიდან, დანიის მთავრობის თანხით. უცხო ქვეყნის მიერ საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება სხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევაა”, – ნათქვამია პლატფორმა “სინამდვილეშის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.