პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თენგიზ ცერცვაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“იშვიათად იბადებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სცდებიან თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და მთლიანად საზოგადოებაში იწვევენ განსაკუთრებულ ნდობას, პატივისცემასა და დაფასებას.

თენგიზ ცერცვაძე მსოფლიო დონის ექიმი და მეცნიერი იყო, რომლის სახელს ბევრი წარმატებული პროექტი უკავშირდება. ის იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და შიდსთან ბრძოლის აღიარებული ფლაგმანი, რომელმაც ვერაგ ინფექციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყო და საყოველთაო აღიარება მოიპოვა. COVID 19-ის პანდემიის დროს კი ახლოს გაიცნო და შეიყვარა ფართო საზოგადოებამ. მის ყოველ გამოჩენას ჩვენთვის მაშინ მოჰქონდა განსაკუთრებული სიმშვიდე და იმედი, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

ბატონი თენგიზის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ სამედიცინო საზოგადოებისთვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ექიმებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.