თბილისის მერი კახა კალაძე წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით:
„წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს დამთავრებული უნდა იყოს და მოძრაობა – აღდგენილი. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება.
წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ჩემთვის.
სამუშაოები ძალიან მასშტაბურია. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ზედაპირულად და ახალი გზის დაგებით, – გვინდა, რომ ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები ყველა იმ პროექტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შევდივართ.
დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც აღნიშნული გამზირი არსებობს, ამ მასშტაბის სამუშაოები ნამდვილად არ ჩატარებულა. თუმცა, ამ სამუშაოების პროცესში იყო გარკვეული პრობლემები, ეს არახალია – იმიტომ, რომ კომპანიები, ძალიან ხშირად, ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ხელშეკრულებით არის გაწერილი და ამჯერადაც ასეთი ფაქტი გვქონდა. მოგვიწია იმ ორ კომპანიას დავმშვიდობებოდით, რომელიც აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აღდგეს. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ იმ ვადებში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს აღნიშნულმა კომპანიებმა ვადის გადაწევასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, ცრუ მედიებმა საზოგადოება რომ არ შეიყვანონ შეცდომაში: ვადის გადაწევაზე როცა ვსაუბრობთ, აქ საბოლოო ვადის გადაწევაზე არ არის საუბარი. იანვარი ყოველთვის ძალაში იყო; სამუშაოების პროცესის შიდა ვადებზეა საუბარი“.