“ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფლანგები და ამ ყველაფერს აკეთებენ გარე დაკვეთით. იმდენად სამარცხვინოა უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ბრენდი, რომ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა, იქმნება ახალი ცენტრები, რომლებიც, უბრალოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფლანგებია”, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების თაობაზე.

„ეს ყველაფერი დაიწყო წლების წინ, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” თითქოს გამოეყო გიგა ბოკერია და შეიქმნა „ევროპული საქართველო“. ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ეგონა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ, გუშინ თუ გუშინწინ გიგი წერეთელი რომ შეუერთდა მათ, ისინიც დარწმუნდნენ, რომ ეს, უბრალოდ, არის სხვადასხვა სახელწოდებები, – ისინი წარმოადგენენ ერთიან ძალას. იგივე შემთხვევა არის, მაგალითად, „ახალი“. ახალთახალიც რომ დაირქვან, მაინც არიან ძალიან ძველები. როგორ უნდა შეიყვანონ მათ საზოგადოება შეცდომაში? ყველას კარგად ახსოვს ყველაფერი და კარგად აზროვნებს ჩვენი საზოგადოება. ბატონი გვარამია გახლდათ გენპროკურორი თუ გენპროკურორის მოადგილე და იუსტიციის მინისტრი და რამდენ სისხლიან და უსამართლო საქმეში აქვს მონაწილეობა უშუალოდ მიღებული, ხომ? ბატონი მელია გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. როგორ არის ის ახალი? ქალბატონო ელენე ხოშტარია, რამდენი ფლანგიც იყო, ყველგან ნამყოფია, „ევროპული საქართველოს“ წევრიც იყო და ისიც და მისი ოჯახიც წლების განმავლობაში უკვე ფინანსდებიან რუსეთიდან, და ამ კითხვებზეც არ აქვს პასუხი გაცემული საზოგადოებისთვის.

ზურა გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, რა ამორალური განცხადებები აქვს გაკეთებული, მე ვერ გაკადრებთ, რომ ეს ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ როგორი არაპატრიოტული განცხადებები აქვს გაკეთებული, ამას გეტყვით – მას პირდაპირ ეთერში აქვს ნათქვამი, რომ მისთვის ავტორიტეტს არც მისი მშობელი და არც პატრიარქი არ წარმოადგენენ. კი, ბატონო, ეს მისი უფლებაა და მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, გაჰყვება თუ არა ასეთ ლიდერს, მაგრამ კითხვაზე, – თვლის თუ არა ის თავს ქვეყნის პატრიოტად, მას პასუხი აქვს გაცემული, – მე თავს ქვეყნის პატრიოტად არ ვთვლიო. ასეთია „ახლის“ თუ ძველების შემადგენლობა. ხატია დეკანოიძე რომ უერთდება, ყველამ ვიცით, დეკანოიძე რამხელა თანამდებობებს იკავებდა, – ჩვეულებრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრია.

სადაც არ უნდა გავიხედოთ, აბსოლუტურად ყველგან, რამდენი სახელიც არ უნდა დაირქვან, იმისთვის აკეთებენ მათი გარე დავალების მიმცემები ამას, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, სხვადასხვა ცენტრია, სხვადასხვა პარტიაა, ანუ ადამიანს, რომელსაც ოდნავ ლოგიკური აზროვნება შეუძლია, დაასკვნის, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.