“ამ “ევროპულად მოაზროვნეს” სიძულვილის ენა რომ ევროპული ფასეულობა გონია, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დისკრიმინაციული აზროვნების ეს ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია!” – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას.

კერძოდ, გვარამიამ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ ისინი “არც თუ ისე განვითარებული ინტელექტის გიჟები” არიან და ის გულისხმობს არა პოლიტიკურ სიგიჟეს, არამედ, პირდაპირი გაგებით სიგიჟეს.

იონათამიშვილის შეფასებით, გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს, შესაბამისად, ფარსია ყველაფერი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ევროპასა და ადამიანის უფლებებზე საუბრობს.

“გვარამია ცდილობს შეურაცხყოფა მიაყენოს ოპონენტებს და ამ დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობის, ან დარღვევის მქონე პირთა სტიგმატიზაციას ახდენს.

ამიტომ ფარსია ყველაფერი, რასაც ესენი ევროპაზე და ადამიანის უფლებებზე საუბრობენ. მათთვის ორგანული ყოველთვის იყო ძალადობა და სიძულვილი და, ცხადია, მათი ზნე არასდროს შეიცვლება”, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.