“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე “ფეისბუკის” გვერდზე მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“ჩვენ და კარს მომდგარი არჩევნები
მსურს გამოვეხმაორო, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო პროგრამას, რომელზეც განზოგადებულად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში მოწყობილ წინასაარჩევნო შეკრებაზე.
სრულიად საქართველო თანხმდება იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა გზას ირჩევს ქვეყანა.
თუ ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის არჩევანი განვითარებულ ევროპასა და ჩამორჩენილ რუსეთს შორის, „ქართული ოცნებისთვის“ ეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას, მორალურ დეგრადაციასა და ტრადიციულ ფასეულობებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასა და ამ პერსპექტივის დაკარგვას შორის.
ოპოზიციამ საქართველოსთვის ამ არჩევნების “ევროპა vs რუსეთის” არჩევანის ჭრილში გადასაყვანად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიტანა და პირიქით, წინასაარჩევნოდ თავად დაიწყო იმის მტკიცება, რომ არც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, არც რუსეთში თავისუფალი ფრენების გაუქმებას, არც რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას და მით უმეტეს, არც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას არ ითხოვს (ანუ, ფაქტობრივად დაჯდა „ქართული ოცების“ ნარატივზე).
ამიტომ ქართველებისთვის ამ არჩევნების „ევროპა vs რუსეთის“ რეფერენდუმად გამოცხადება მხოლოდ შინაარსს გამოცლილ წინასაარჩევნო პროპაგანდად შეიძლება ჩაითვალოს.
რაც შეეხება „ოცნების“ მიერ დასახელებულ რეფერენდუმის თემებს, შეუძლებელია ვინმემ უარყოს, რომ ეს საკითხები დღეს ჩვენი ქვეყნისთვის არ არის აქტუალური. თუ არა ხელისუფლების მიერ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოზომილი პოზიცია, სხვა რით შეიძლება აიხსნას საქართველოს მიმართ დასავლეთის ასეთი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია? თითქმის ყოველ კვირას ქვეყნდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სიღრმისეულ ანალიზზე დამყარებული შეფასებები, სადაც საქართველოს ყველა სფეროში წინსვლა ფიქსირდება (ეკონომიკის მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, სამართლიანობა, ბიზნესის კეთების სიმარტივე და თავისუფლება, ხელისუფლების გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება და ა. შ.) და ამ კუთხით ჩვენი ქვეყანა არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს, არამედ ბევრ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოსაც უსწრებს. და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ დასავლეთიდან წამოსული ზღვარგადასული პრეტეზიები სწორედ იმას ეყდნობა, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ასრულებს მათ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის (სანქციები რუსეთის მიმართ, ლგბტ პროპაგანდის თავისუფლება და თუნდაც მეორე ფრონტის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ასეთი მოთხოვნის რეალობას უარყოფს).
არც ის არის უცხო, რომ დასავლეთმა ლამის უმთავრეს მოთხოვნად და საკუთარ ოჯახში სახელმწიფოს მიღების აუცილებელ წინაპირობად აქცია ლგბტ-ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დამკვიდრება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს იდენტობა, არ უნდა იცავდეს ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვნებს საყოველთაოდ აღიარებული ადამიანური მორალის ნორმებიდან გადახრის პროპაგანდისაგან.
ასევე აქტუალური, და არათუ დროულია, არამედ დაგვიანებულიც კია ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების საკითხის წინ წამოწევა, თუმცა ისიც გვესმის, რომ ამ მხრივ დღეს უკვე შექმნილის გარკვეული სამართლებრივი საფუძველი (ბევრი ნაც-ლიდერის პერსონალური გასამართლება, ჰააგის და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები და ა. შ.).
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, რასაკვირველია, ამ პერსპექტივის რეალიზაციის შემთხვევაში მართლაც საჭირო იქნება სახელმწიფო მოწყობის კანონის საკონსტიტუციო ცვლილება, რასაც ნაცები თავგანწირულ წინააღმდეგობას გაუწევენ თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამარჯვება “ქართულ ოცნებას” არ მიეწეროს.
როდესაც ლაპარაკია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების აუცილებლობაზე, ვფიქრობთ, აქ პირველ რიგში იგულისხმება იმის პრევენცია, რომ ნაცებმა და მათმა გარე მფარველებმა ვერ შეძლონ არჩევნების შედეგების დელეგიტიმაცია, რასაც ისინი აშკარად აპირებენ. მხოლოდ ოცნების მიმართ დიდი უპირატესობით გამოვლენილი ხალხის ნება შეაჩერებს მათ ამ ბოროტ ზრახვებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება აშშ-სთან და ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი, რადგან ისინი დაინახავენ ქართველის ხალხის ურყევ ნებას, რომ ჩვენ წინა პლანზე ვაყენებთ საკუთარი (და არა უცხო) ქვეყნის ინტერესებს”,- წერს ნანა კაკაბაძე “ფეისბუკის” გვერდზე.