„ოპოზიცია საგონებელშია ჩავარდნილი. „ქართული ოცნების“ ლიდერების გამოსვლებს რეგიონებში სიტყვასიტყვით შიფრავენ და მარჩიელობენ – რა არის ის მეოთხე პუნქტი, რომელმაც მათ მოსვენება დაუკარგა“, – წერს “ფეისბუკში” პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
“თუმცა, იციან, რომ ეს დიდი ეროვნული თემა იქნება, რომელიც ფეხზე დააყენებს მთელ საქართველოს. სწორედ ამიტომ, წინასწარ ახორციელებენ კონტრშეტევას ყველა იმ საკითხზე, რაც შეიძლება გაჟღერდეს მეოთხე პუნქტად. ამით ცდილობენ, ქვეყანაში ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი შექმნან.
დღეს ანა ნაცვლიშვილმა ახალი ბრალდება წამოაყენა, – თურმე, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის აღიარებას აპირებს. მათ ხომ ყველაზე მეტად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემის ეშინიათ. იციან, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი შტურმით აიღებს მათ კარებს არჩევნებზე.
როგორ აფორიაქებს აფხაზეთის თემა ჩვენს უცხოელ „მეგობრებსაც“… როგორ ცდილობენ, საკუთარი აგენტებით ქართველებს ყველაზე დიდი ოცნების ახდენა დიდ ტრაგედიად უქციონ… მაგრამ ავიწყდებათ ისტორიის ერთი ჭეშმარიტება:- როდესაც დროის წინააღმდეგ მიდიხარ, აზვირთებულ ტალღებში მოჰყვები, საიდანაც ხსნა აღარ არის.
ნურავინ შეეცდება შეუქცევადი ეროვნული პროცესების წინააღმდეგ წასვლას, თორემ ისტორია თავის ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.