„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამერიკაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
„საქართველოზე აღშფოთებული შეშფოთების ფონზე, ამერიკაში სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს მიგრაციული ომები. ამჟამად ეპიცენტრი კოლორადოშია, სადაც დე ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებას ვენესუელური მაფია წარმოადგენს. ასე მაგალითად, შტატის სიდიდით მესამე ქალაქ ავრორაში ძალაუფლება მთლიანად გადასულია კრიმინალური სინდიკატის, „ტრენ დე არაგუას” ხელში.

ამ სინდიკატში შედის ასობით ათასი ვენესუელელი არალეგალი მიგრანტი. ისინი წარმართავენ ნარკოვაჭრობისა და პროსტიტუციის სფეროებს. მათ წარმომადგენლებს დაუსწრებლად აქვთ წაყენებული ბრალი არაერთ შტატში პოლიციელების მკვლელობის გამო. კოლორადოს შტატში კი ათასობით საცხოვრებელი სახლის squatting-ით (ძალადობრივი შეჭრით) დაუფლება მათ „სავიზიტო ბარათს” წარმოადგენს.

ადგილობრივი პოლიციური დანაყოფები დიდი ხანია, დანებდნენ ამ სინდიკატების წინაშე. თეთრმა სახლმაც კი ხელები აუწია მიგრაციულ კრიზისს, იმ დონემდეც კი, რომ კამალა ჰარისიც ალაპარაკდა სამხრეთის საზღვარზე დამცავი კედლის აშენების აუცილებლობაზე. ამას დაემატა ახალი სკანდალი, რომ ქვეყანაში უკანონოდ შეღწეული ბოლო 7 მილიონი მიგრანტის რიგებში, სულ ცოტა, ოთხასი ადამიანი FBI-ის ტერორისტთა ბაზის „კლიენტებია” და დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან აშშ-ის ტერიტორიაზე.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, „ლოგიკურად”, ღრმა შეშფოთების რეჟიმში აგდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ოღონდ – საქართველოსთან დაკავშირებით; ხოლო ქვეყანაში მოსალოდნელი ფართომასშტაბური სამოქალაქო და კრიმინალური დაპირისპირების მოახლოებისთანავე, ეს შეშფოთება სულ უფრო გაიზრდება და წარიმართება „ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ” სიმღერის თანხლებით“, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.