მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა ტყემალაძემ იმერეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი რეგიონის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და თანამშრომლებს რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა.
წარდგენის დროს ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე.
„ლევან ზალკალიანი იმერეთის მკვიდრია, დაბადებული და გაზრდილია ქუთაისში. მან კარგად იცის იმერეთის მოსახლეობის საჭიროებები; აქვს მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია. კარიერის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას, მათ შორის, მუშაობდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციაზე; ასევე, ბოლო პერიოდში იყო ცაგერის მერი. დარწმუნებული ვარ, ეფექტიანად შეძლებს იმერეთის რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას პროცესის კოორდინაციას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის”, – განაცხადა ტყემალაძემ.
,,სრულიად გათავისებული მაქვს ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და მთელი გუნდით გავაგრძელებთ იმ მიმართულებით სვლას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტი – ეს არის ეროვნული იდენტობა, სუვერენიტეტი, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა.
როგორც ეს ქალაქი, ისე მხარე ჩემთვის კარგად ნაცნობია. მინდა აღვნიშნო, რომ იმერეთის განვითარებისთვის მიმდინარე ყველა პროექტი ორიენტირებულია მოსახლეობის საჭიროებებზე. ამისთვის დიდი მადლობა ბატონ ზვიად შალამბერიძეს.
უახლოეს პერიოდში ვაპირებ, გავმართო გასვლითი შეხვედრები და ადგილზე გავეცნო მიმდინარე საკითხებს”, – აღნიშნა მედიასთან ლევან ზალკალიანმა.
ნიკა ტყემალაძემ ხუთწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა იმერეთის უკვე ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს – ზვიად შალამბერიძეს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.