„ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის – ნინო ევგენიძის შემდეგ განცხადებას ეხმაურება: “დაუმორჩილებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი აჯანყება საქართველოში, იარაღით ხელში გამოვიდნენ იმისთვის, რომ რუსული რეჟიმი აქ არ დამყარებულიყო. ეს მაგალითი შთაგვაგონებს, რომ ჩვენ არასდროს დავმორჩილდებით ამ რეჟიმს”.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე პირდაპირ და ღიად მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეებს დაუმორჩილებლობისაკენ! იარაღის ხელში აღებისაკენ!
ქალბატონო ნინო!
შეგახსენებთ, რომ თქვენ გასცდით აზრის გამოხატვის თავისუფლებას როგორც უფლებას; გასცდით მის შინაარსს, რადგან
სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით!
თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება არის არა ირიბი, არამედ ღია სურვილი, სისხლიანი პროცესები იხილოთ ქვეყანაში.
თქვენი მიზანი არის გაცხადებული – ამ პროცესებში აიყოლიოთ ახალგაზრდა თაობა, რაც არ გამოგივათ, რადგან ქართულ სახელმწიფოში სახელისუფლებო გუნდის პრაგმატული პოლიტიკით მოპოვებული მშვიდობის ფონზე, თქვენი დესტრუქციული მიზნების ადგილი არ არის!” – წერს თამთა მეგრელიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.