პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდნენ პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრების წევრები, მათ შორის – პარალიმპიადის ჩემპიონი გოგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანა ჯაფარიძე.
წარმატების მისალოცად ქართველ პარალიმპიელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი და მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი დახვდნენ. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.
გიგა ოჩხიკიძემ სადებიუტო პარალიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა – 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო. ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიურ თამაშებზე პირველად ასპარეზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას პარალიმპიადაზე ასევე იცავდნენ პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე (შუბის ტყორცნა), პარატაეკვონდოისტები გიორგი ნიკოლაძე (70 კგ) და ლია ჩაჩიბაია (47 კგ).