“პიტერ სტანოს არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი ტონი მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირი ყველაზე მძაფრად რეაგირებს საქართველოში “ლგბტ” იდეოლოგიის მარცხზე”, – ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სწორედ ეს არის იმ უთანასწორო დამოკიდებულების საფუძველი, რაც არაერთხელ გამოჩნდა, როდესაც ყველა ობიექტური კრიტერიუმით წინ მდგარი საქართველო დაიჩაგრა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა დაწინაურდნენ. უმძიმეს ომში მყოფ უკრაინაში, იმისათვის იცლიან, რომ დაბომბილ ქალაქებში “ლგბტ” პრაიდები ჩაატარონ. იგივე ხდება დსთ-ის წევრ მოლდოვაში, სადაც პრაიდები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ეს კი იმის დასტურია, რომ ყველა სხვა ობიექტური კრიტერიუმი აზრს კარგავს, თუ ქვეყანაში “ლგბტ” პროპაგანდის დაკანონება ხდება.

ჩვენს მოძრაობას, ასევე ხელისუფლებას და საზოგადოების წარმომადგენლებს ხშირად სდებენ ბრალს ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივებაში, რეალურად კი, სწორედ პიტერ სტანოს უკანასკნელი განცხადებაა ის, რაც ქართველ ხალხში ევროსკეპტიციზმს გააძლიერებს, რადგან სტანო, მთლიანად გაერთიანების სახელით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება “ლგბტ” პროპაგანდის ხელშეწყობაზე გადის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო უნდა დავიხსნათ ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი გრძელვადიანი სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობა”, – აღნიშნულია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.