დღეს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრიფინგი გამართა და სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ საქართველოში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს გახსნილი ჰქონდა ოფისი, საიდანაც ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა. ამის შესახებ ინფორმაცია აქამდეც არსებობდა, მაგრამ ამჯერად საქმეში მეტი კონკრეტიკა გაჩნდა. კერძოდ, ირკვევა, რომ მოპარული ფული კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ანგარიშებზე ირიცხებოდა. ეს ფაქტობრივი გარემოება უკვე სერიოზულად ცვლის არსებულ ვითარებას.
თუკი აქამდე კეზერაშვილის კვალზე აბსტრაქტულად ლაპარაკობდნენ, ახლა მტკიცებულებები ხელის გულზე დევს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ გამოძიებას გენერალური პროკურატურა ევროპელ სამართალდამცველებთან ერთად იძიებს, დიდია ალბათობა, კეზერაშვილის ყელზე ყულფი უფრო და უფრო შევიწროვდეს და მას მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწიოს.