სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის გაზრდით.
უწყების ანგარიშით, 2024 წლის მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალმა 101.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.6 პროცენტია. რეინვესტიცია 451.3 მლნ. აშშ დოლარია და მისი წილი 78.6 პროცენტით განისაზღვრა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 266.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.4%-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 59.2 მლნ. აშშ დოლარით (10.3%), ხოლო მესამეზეა მალტა – 37.9 მლნ. აშშ დოლარით (6.6 %).
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 63.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორებს, პირველ ადგილზე 46.4%-ით გაერთიანებული სამეფოა, მეორე ადგილზე იაპონიაა 10.3%-ით, ხოლო მესამეზე – მალტა 6.6%-ით.
2024 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 300.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 52.3 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 79.2 მლნ. აშშ დოლარით (13.8%), ხოლო მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 55.5 მლნ. აშშ დოლარით (9.7%). სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 75.7% შეადგინა.