ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალი “გემო ფესტი” ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. გასტრონომიული ფესტივალის მნიშვნელობაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ისაუბრა.

„გემო ფესტი” პირველად ჩატარდა სამეგრელოში. მას ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. “გემო ფესტს” ტურისტული პროდუქტის, გასტრო ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ვთავაზობთ ტრადიციული გემოების ახლებურ ვერსიას.

სამეგრელოში ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო ეგრეთ წოდებული „სთრით ფუდი“, რაც მეგრული სამზარეულოს ახალ ვერსიებს, ასე ვთქვათ, მოჰყვა. ამ ორი დღის განმავლობაში, ფესტივალს ძალიან ბევრი სტუმარი ეწვია. პირველ დღეს ერთად ვუგულშემატკივრეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და გამარჯვება ერთად გავიზიარეთ. ეს გამარჯვების ელფერი ძალიან მოუხდა “გემო ფესტს”. მეორე დღეს მგზავრები წარდგნენ კონცერტით და ვფიქრობ, ადგილობრივ მოსახლეობას, ქართველ მოგზაურებს თუ საერთაშორისო მოგზაურებს სამეგრელოს “გემო ფესტი” ძალიან მოეწონათ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზუგდიდში “გემო ფესტის” მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ ტრადიციული, იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მეგრული კერძები.

“გემო ფესტის” ფარგლებში, ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში კვების ზონა, აგრო ბაზარი, საბავშვო გასართობი კუთხე მოეწყო.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დიდ ეკრანზე საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩი ენახათ, მოესმინათ ჯგუფ “მგზავრებისა” და სხვა ქართველი შემსრულებლებისთვის.

“გემო ფესტის” მიზანია საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.