საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

„რა შეიძლება იყოს იმაზე მეტად ანტიდემოკრატიული, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი ბატონყმური დამოკიდებულების ამსახველი, რაც, სამწუხაროდ, ამ ქმედებით გამოჩნდა და გამომჟღავნდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოსგან. როგორ შეიძლება, შენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის მოქალაქე (განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა უმაღლესი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს) დაასანქცირო სრულიად უაპელაციოდ, ნებისმიერი ახსნა-განმარტების, ფაქტებისა და მოცემულობის გარეშე.
უმაღლეს დონეზე (ბატონმა პრემიერმაც, და არა მხოლოდ) გავაკეთეთ განცხადებები, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა მზად არის ურთიერთობის გადატვირთვისთვის, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებები, ასეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებსაც ვისმენთ, ნამდვილად არ ემსახურება გადატვირთვის პოლიტიკას და ნამდვილად არ ემსახურება მათგან გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კირცხალიამ.