“ჩვენთვის ძალიან ძვირფასია აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა, ოღონდ ამ სტრატეგიული ურთიერთობის არა მხოლოდ სათაური, არამედ შინაარსი”, – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობა იყოს ორივე მხარისთვის სასარგებლო. საქართველოს ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული, რათა დაემტკიცებინა, რომ არის ერთგული პარტნიორი, საქართველოს შეუძლია პარტნიორების გვერდით ერთგულად დგომა, როდესაც ეს მათ სჭირდებათ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა, რომ იმავენაირი დამოკიდებულება არსებობდეს სტრატეგიულ პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს გუშინ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.